გია ვოლსკი - არ მეგულება ბევრი ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველს ასეთი ფართო და ძლიერი მანდატი აქვს
გია ვოლსკი - არ მეგულება ბევრი ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველს ასეთი ფართო და ძლიერი მანდატი აქვს

არ მეგულება ბევრი ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველს ასეთი ფართო და ძლიერი მანდატი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშზე კომენტარისას განაცხადა.

„თუ რაღაც საკითხი მართლაც გონივრულ განხილვას მოითხოვს, მე ერთი პიროვნება არ ვარ, კოლეგებთან მსჯელობა და ამ თემაზე არგუმენტირებული პასუხების გაცემაა საჭირო“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატს ნინო ლომჯარიას ანგარიშის ინ ნაწილთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებების მაჩვენებლების გაზრდას ეხება.

„საკმაოდ კარგი ტრადიცია გვაქვს, როდესაც მინისტრები პარლამენტში მოდიან დ ყველა საკითხზე პარლამენტს ანგარიშს აბარებენ. კითხვები, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, ჩავთვალოთ, რომ იგივე კითხვები პარლამენტსაც აქვს. პასუხი კონკრეტულ უწყებას უნდა მოეთხოვოს. სახალხო დამცველის მოხსენებებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო მინისტრების ანგარიშების მოსმენა. ამ ანგარიშების მოსმენას გავაგრძელებთ და ყველამ პასუხი თავის დარგზე აგოს. იზოლატორებში რა ვითარებაა, ყველა ინდივიდუალური შემთხვევა ცალკე უნდა იყოს განხილული. ისიც გავიხსენოთ, რომ წინასწარი დაკავების საკნებში საქართველოში რა მდგომარეობა იყო და დღეს რა მდგომარეობაა, პოზიტიური თვალსაზრისით ვითარება როგორ განსხვავდება. ბევრი საკითხია, რომელსაც უფრო სიღრმისეული განხილვა სჭირდება, ვიდრე მოკლე კომენტარები“,- განაცხადა ვოლსკიმ.