გია ვოლსკი - ანდრიუს კუბილუსს სააკაშვილის პერიოდი ახსოვს და იქიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას
გია ვოლსკი - ანდრიუს კუბილუსს სააკაშვილის პერიოდი ახსოვს და იქიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას

არ ვიცი, კუბილიუსმა თუ იცის რომელიმე ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურა ერევა მართლმსაჯულებაში და გადაწყვეტილებებს იღებს, ვინ დაიჭირონ და ვინ გაათავისუფლონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ანდრიუს კუბილიუსის განცხადება ევროკავშირის სახელით არ არის გაკეთებული, მაგრამ ევროპარლამენტის ავტორიტეტს გარკვეულ ჩრდილს აყენებს.

​„გაცილებით უფრო რთულია სიტუაცია. ახლა კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად ეხმიანება სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ თვითონ არჩევნები არ არის ამათთვის მისაღები ფორმატი, ვინაიდან დესტრუქცია არის სტრატეგიული გეგმა. ამ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კუბილიუსის განცხადება. მით უმეტეს ევროკავშირის სახელით არ არის ეს განცხადება გაკეთებული, მაგრამ ევროპარლამენტის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს.

არ ვიცი, ლიტვაში თუ არის ეს დასაშვები ან რომელიმე სახელმწიფო თუ იცის ასეთი, სადაც სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურა ერევა მართლმსაჯულებაში და გადაწყვეტილებებს იღებს, ვინ დაიჭირონ და ვინ გაათავისუფლონ. ეს მის მოკავშირე სააკაშვილს ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ ეს პრაქტიკა აღარ არსებობს. ასე რომ, კუბილიუსს ის პერიოდი ახსოვს და აქედან გამომდინარე აკეთებს განცხადებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრიუს კუბილიუსმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წერილში კუბილიუსი მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.