გია ვოლსკი - ამერიკაში 10 წელი ვცხოვრობდი და ვიცი, ამერიკული დემოკრატიისთვის საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება
გია ვოლსკი - ამერიკაში 10 წელი ვცხოვრობდი და ვიცი, ამერიკული დემოკრატიისთვის საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება

ჩემი ხალხის წინაშე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საგარეო კურსი, რუსეთის თემა, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კინზინგერის გამოხმაურების შეფასებისას.

საუბარია ადამ კინზინგერის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს საქართველოს პროგრესს“.

„გასაგებია, კონგრესმენს გაცილებით მეტი წონა აქვს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს, ვიდრე მე, რადგან საქართველო შედარებით პატარაა, მაგრამ ჩემი ხალხის წინაშე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, მხარს ვინც გვიჭერს და ვინც არ გვიჭერს, საგარეო კურსი, რუსეთის თემა, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ პრორუსულად მოხსენიებულმა პარტიებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ პროპორციული არჩევნები სწორედაც რომ მისაღებია მათი მეტი წარმომადგენლობისათვის საკანონმდებლო ორგანოში.

ამერიკაში 10 წელი ვცხოვრობდი და ვიცი, რომ ამერიკული დემოკრატიისთვის, საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი