გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტია „გირჩს“ შეხვედა
გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტია „გირჩს“ შეხვედა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა „სოციალ-დემოკრატებთანაც“ გაიმართება. რაც შეეხება „გირჩთან“ შეხვედრას, როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, ის ორმხრივი სურვილით გაიმართა.

„უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე ან რა უფლება აქვს, მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს? როცა საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს სხვას. არ მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულად უნდა ეპყრობოდეს ნებისმიერი პარტია, სახელისუფლებო იქნება ის თუ არა. „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო. აქ საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ეს პარტიები ვალდებული არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ. ამასთან, არსებობს უპასუხისმგებლო ძალებიც, რაზეც საუბარი არ მაქვს. პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.