გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა
გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა.

ვოლსკის თქმით, გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილზე შეხედულება შეიცვალეს, მას კი მათზე შეეცვალა შეხედულება.

„ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არიან ადამიანები, რომელთა მხრიდან საზოგადოება ღირსეული ნაბიჯების გადადგმას ელოდება, თუნდაც გელბახიანის მხრიდან, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ვერ გეტყვით, რომ ბადრი პატარკაციშვილს, როგორც პილიტიკოსს, მხარს ვუჭერდი, ეს ასე არ არის. თქვენ იცით, გუბაზ სანიკიძე რა პოზიციით გამოირჩეოდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მისგან რატომღაც არ მიკვირს. ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია. ისინი არ შეიძლება, მნიშვნელოვანი ძალა იყვნენ და ამას ვერც განვიხილავ. მათი შეხედულება შეიცვალა სააკაშვილზე, ჩემი შეხედულება მათზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გამართული შეხვედრის საკითხზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სანიკიძის თქმით, შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო. ამასთან, სანიკიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის საჭიროება საქართველოში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია. გუბაზ სანიკიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.

რაც შეეხება ვალერი გელბახიანს, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ წარსული ვერ გადაკეთდება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე შეცდომები დაუშვა. გელბახიანის თქმით, „ნაციონალების“ მიმართ მისი შეფასება არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ქვეყანაში არსებული ვითარება. გელბახიანის განმარტებით, თავად იმ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებსაც ქვეყნის ბედი აწუხებთ და სურდა, გაერკვია, რას გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარებისთვის.