გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი აგენტს კი არა, თავგასიებულს მეძახდა
გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი აგენტს კი არა, თავგასიებულს მეძახდა

გუბაზ სანიკიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გამართული შეხვედრის თაობაზე აცხადებს, რომ შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო.

სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის საჭიროება საქართველოში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია.

ამასთან, სანიკიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.

„რატომ იყო მოულოდნელი ჩასვლა? ერთი თვით ადრე დავაანონსე. რამ გამოიწვია ჩემი ასეთი გადაწყვეტილება? შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო. ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ. ქვეყანა ძალიან მძიმე დღეშია. სახელმწიფო იმუნიტეტისგან დაცლილია, უვიცი და უწიგნური მთავრობა. სააკაშვილი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ის არის, ჩემი შეფასებით, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს დიდი პიროვნული რესურსი. ჩავთვალე, რომ ნარატივი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შვიდი წელია ნერგავს, რომ სააკაშილი არ უნდა დაბრუნდეს, თორემ მეორედ მოსვლა იქნება, ამორალური და ამაზრზენია. მეტიც – ანაქრონიზმიც არის. როდესაც სახელისუფლებო პროპაგანდა ამბობს ამას, ეს ადასტურებს, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს მთავრობას მიშასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სააკაშვილის პოლიტიკური თვისებები საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ მიესალმება, თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა.

„თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომ სააკაშვილი საქართველში დაბრუნდეს, ამას მივესალები. მეტიც – ხელსაც შევუწყობ მის დაბრუნებას. საათობით ვსაუბრობდით სამი დღის განმავლობაში. სააკაშვილი მზად არის, პოლიტიკური პროცესისთვის საერთო ოპოზიციურ ფრონტში იპოვოს ადგილი, მზად არის ბევრი კომპრომისისთვის. ამოცანა ყველასთვის არის ის, რომ დროზე მოვაშოროთ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს კატასტროფის ავტორია. სააკაშვილი არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და დიდხანს იქნება ეს ასე“, – განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძის განმარტებით, ის და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტნიორები არიან.

„ამ ქვეყნის ინტერესებში შედის ბიძინა ივანიშვილის დემონტაჟი და რეფორმების გაგრძელება. რეფორმების გაგრძელებას ვერ ვხედავ, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტნიორები ვართ მე და მიხეილ სააკაშილი. მე და მიხეილ სააკაშვილი გადავახტით საკუთარ თავს, საკუთარ ეგოს და მე მგონი, ეს უნდა დაფასდეს, არ უნდა იყოს სალანძღავი. სააკაშვილთან ჩადის ბევრი პოლიტიკოსი ჩუმად. მე ღიად ჩავედი და არავისთან დამიმალავს ეს. მგონია, რომ პოლიტიკოსისთვის შესაბამისი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც უარი ვთქვი ბიოგრაფიის დიდ ნაწილზე, მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანა არის მძიმე დღეში, ისევე, როგორც სააკაშვილმა გადააბიჯა თავის თავს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ერთჯერადი არ იყო.

„კომუნიკაცია მუდმივია. მთავარია, ნავსი გავტეხეთ. პოზიტიური პრეცედენტი დავუშვით, რომ ლამის მტრებადქცეული ფიგურები ერთმანეთს შევხვდით და დავიწყეთ საუბარი, მხოლოდ ქვეყნის საკითხებზე, მეტზე არაფერზე. ივანიშვილს ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ სჯობდა, ჩემთვის დაეშავებინა და არა ქვეყნისთვის. მეუბნებიან, ბიძინამ რომ შეგათრია პარლამენტში… რა შემათრია, სამი დღე დამსდევდა, მეხვეწებოდა, კენჭი იყარეო. სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაფუჭდა ძალიან ბევრი, მაგრამ გაცილებით მეტი გაკეთდა. 2003 წლამდე საქართველო იყო გამოქვაბულში და ახლა ვხედავ დინამიკას, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ გამოქვაბულში მიჰყავს ეს ქვეყანა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძემ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „სააკაშვილი მას არა აგენტს, არამედ თავგასიებულს ეძახდა“.