გია გიორგაძე - ივლისის დასაწყისში საქართველოში ქალთა უმაღლესი ლიგა დაიწყება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე იმყოფებოდა, რომელმაც გასული რამდენიმე თვე შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 10 ივნისს ქართველი მოჭადრაკეები ოსლოში დაგეგმილ დიდ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, ივლისის დასაწყისში კი საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგა გაიმართება.
„ჩვენ წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა გაგვემართა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ტრადიციულად, რომელი დიდი ტურნირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ქალებისგან ყოველთვის მაქსიმალურ შედეგს ველით. იდენად განებივრებულები ვართ მათი მიღწევებით, რომ ბრინჯაოს მედალი აღარ გვაკმაყოფილებს. რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს, აქ ცოტათი ექსპერიმენტული შემადგენლობის შეკრებას ვგეგმავდით, რათა ახალგაზრდებისთვის მიგვეცა თავის გამოჩენის შანსი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთ ადგილს დაიკავებენ ნაკრებში და მთავარი კანდიდატები გახდებიან. სამწუხაროდ, ამ ტურნირის ჩატარების საშუალება წელს არ მოგვეცა.
მიუხედავად ამისა, ევროპის საჭადრაკო კავშირმა, რომლის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილია, ევროპის ჩემპიონატი გამართა, რომელშიც ნინო ბაციაშვილმა გაიმარჯვა. ასევე ფიდემ ჩაატარა ერთა თასი, სადაც ნანა ძაგნიძე იყო მიწვეული და ძალიან წარმატებით ითამაშა. ჩვენ ასევე გავმართეთ ამხანაგური მატჩები ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე. საკმაოდ აქტიურები ვიყავით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 10 ივნისს უკვე ოსლოში ჩატარდება პირველი დიდი ტურნირი, ჩვენ კი ვგეგმავთ, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ჩავატაროთ ქალთა უმაღლესი ლიგა, რომელიც ზუსტად პანდემიის წინ უნდა ჩაგვეტარებინა და ვერ მოვასწარით. მასში მონაწილეობას 10 საუკეთესო ქართველი ქალი მოჭადრაკე მიიღებს“, – განაცხადა გია გიორგაძემ.