გია გაჩეჩილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი მასალა იყო დაკარგული, რათა რუსები გაემართლებინათ ჰააგაში
გია გაჩეჩილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი მასალა იყო დაკარგული, რათა რუსები გაემართლებინათ ჰააგაში

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი მასალა დაკარგული იყო, რათა რუსები გაემართლებინათ ჰააგაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჰააგაში სპეციალურად დაარღვია პროცედურები.

„ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რა ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებით. თუნდაც 2010 წელს, როდესაც სპეციალურად დაარღვია პროცედურები, რათა საქმე არ განხილულიყო და 2010 წელს შეჩერდა საქმის განხილვა, რადგან იქ სერიოზულად იკვეთებოდა რუსეთის ბრალდება ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით. მერე წამოვიწყეთ ეს ახალი პროცესი. მოგეხსენებათ შეგროვდა ძალიან დიდი მასალა და გაგზავნილია. სწორედ ჰააგის ტრიბუნალში იხილება ახლა ეს საკითხები და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთთან მიმართებით ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით გამოვა გამამტყუნებელი განაჩენი“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული დოკუმენტაციიდან ბევრი დაკარგული იყო.

„ჩვენ გვქონდა დახურული მოსმენები ჰააგის ტრიბუნალში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული დოკუმენტაცია ბევრი დაკარგულია და ამ დაკარგული დოკუმენტაციის აღდგენას მოუნდა დიდი დრო. ეს სპეციალურად იყო დაკარგული, რა თქმა უნდა, რათა რუსები გაემართლებინათ ჰააგაში. შეგროვდა უზარმაზარი მასალა, ამაში საქართველოს დაეხმარა შეერთებული შტატები და ა.შ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, არსებობს ბევრი რეალური ფაქტი, რომელიც ღალატის აშკარა ნიშნებს ატარებს.

„ომის პერიპეტიები, რომელიც ასე ვთქვათ 2008 წელს მოხდა, ძალიან საინტერესო ისტორიაა გარდა იმისა, რაც ცნობილია. კიდევ არის გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, როგორ არ განაცხადა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, როცა უკვე რუსები შემოსული იყვნენ ტანკებით და შეიარაღებული ნაწილებით, როგორ დაუმალა ჰააგას ეს მასალა და როგორ დაასწრო რუსეთმა უშიშროების საბჭოში შეტანა და ა.შ. ბევრი რეალური ფაქტია ისეთი, რომელიც ღალატის აშკარა ნიშნებს ატარებს. საქართველო 2013 წლიდან აგროვებდა ამ მასალებს, სერიოზული მასალებია შეგროვებული, უამრავი ტომია და ნივთმტკიცებებიც არის მასში“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ პარლამენტში თეა წულუკიანის ​მისვლის საკითხზე დასმულ კითხვაზე გია გაჩეჩილაძემ განაცხადა: „თეა წულუკიანი მივა თუ საქმისთვის საჭირო იქნება, თუ ჩათვლის, რომ ეს საქმეს გააფუჭებს, ალბათ არ მივა“.

ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოითხოვა.