გია გაჩეჩილაძე - გრიშას, რუსეთის კანდიდატს, საქართველოში ეხმარებიან „ფე-ეს-ბეს“ პიარშიკები, მათი გეგმაა, ძალისმიერ სტრუქტურებში შეიტანონ რყევა
გია გაჩეჩილაძე - გრიშას, რუსეთის კანდიდატს, საქართველოში ეხმარებიან „ფე-ეს-ბეს“ პიარშიკები, მათი გეგმაა, ძალისმიერ სტრუქტურებში შეიტანონ რყევა

გრიშას, რუსეთის კანდიდატს, საქართველოში ეხმარებიან „ფე-ეს-ბეს“ წარმოგზავნილი პიარშიკები, მათი გეგმაა, ძალისმიერ სტრუქტურებში შეიტანონ რყევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

გაჩეჩილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილია.

„ეს არის შემადგენელი ნაწილი იმ დესტაბილიზაციისთვის, რომელიც დალაგებულია რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ მხრიდან. მოგეხსენებათ, გრიშას, რუსეთის კანდიდატს, საქართველოში ეხმარებიან „ფე-ეს-ბეს“ მიერ წარმოგზავნილი პიარშიკები და აქედან გამომდინარე, მათი გეგმაა, ძალისმიერ სტრუქტურებში შეიტანონ რყევა. ეს ჩვეულებრივი სქემებია, ეს ცნობილი სქემებია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში, მაგრამ არ მგონია, რამე გამოუვიდეთ. უბრალოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რასთან აქვს საქმე და მეორე ტური რომ მოვა, უნდა იცოდეს, რა უბედურების წინაშე დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.