გია ჟორჟოლიანი - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მხოლოდ დეპუტატის, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მიუღებელია
გია ჟორჟოლიანი - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მხოლოდ დეპუტატის, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მიუღებელია

მისაღები არ არის, როცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება არა მხოლოდ დეპუტატის მხრიდან, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, რომელიც დეპუტატ ემზარ კვიციანის ინციდენტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ის ძალადობას არ ამართლებს და მიაჩნია, რომ ასეთი ფორმით პასუხის გაცემა არ შეიძლება.

„მედიას, საზოგადოებასა და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა უნდა დამთავრდეს. პროვოკაციები აღკვეთილი უნდა იყოს. ძალადობას არ ვამართლებ და მიმაჩნია, რომ ამაზე ასეთი ფორმით პასუხი არ ვარგა, მაგრამ არც ის შეიძლება, რაც საფუძველი იყო იმისა, რომ კვიციანმა მოთმინება დაკარგა. ეს ადამიანურად გასაგებია“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი გუშინ პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.