გია ცაგარეიშვილი - აშშ-ის ელჩმა ერთი დასკვნა მაინც წარმოადგინოს, სადაც ეუთო/ოდირის მიერ იყო საუბარი „კარუსელების“ გამოყენებაზე, 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნები აღიარებულია დემოკრატიულად
გია ცაგარეიშვილი - აშშ-ის ელჩმა ერთი დასკვნა მაინც წარმოადგინოს, სადაც ეუთო/ოდირის მიერ იყო საუბარი „კარუსელების“ გამოყენებაზე, 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნები აღიარებულია დემოკრატიულად

ამ განცხადებას არ ვეთანხმები. არსად, არც ერთ ოფიციალურ დასკვნაში „კარუსელებზე“ საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

კერძოდ, გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას, სადაც კელი დეგნანი აღნიშნავს: „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2020 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე“.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ელჩმა უნდა წარმოადგინოს ერთი დასკვნა მაინც, სადაც ეუთო/ოდირის მიერ პირდაპირ იყო საუბარი არჩევნების დროს „კარუსელების“ გამოყენებაზე.

„ვგულისხმობ ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებულ, მათ მიერ შექმნილ და დაპურებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – განმარტა გია ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ყველა არჩევნები ყველა სტრუქტურის მიერ აღიარებულია თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებად.

„ყველა არჩევნებს თან ახლავს ნაკლოვანება, მეტად თუ ნაკლებად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირშიც და ყველგან“, – დასძინა გია ცაგარეიშვილმა.