გია აბაშიძე - საზოგადოებაში ხელისუფლებისგან რაღაც ალტერნატიულის შემოთავაზების მოლოდინია
მმართველ გუნდს ადრე თუ გვიან მოუხდება, ქუდიდან ახალი პოლიტიკური კურდღელი ამოიღოს და საზოგადოებას შესთავაზოს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარია, გვიან არ იყოს, როცა პროცესები ცოტა სხვანაირად წავა. ხელისუფლება რომ ამბობს, 2020 წელს არჩევნები ჩვეულებრივად ჩატარდებაო, ასე არ გამოვა. მათდა სამწუხაროდ, საზოგადოებაში სხვა განწყობებია. იმიტომ, რომ მოლოდინია ცვლილებების და რაღაც ალტერნატიულის შემოთავაზების“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის დიპლომატიური მისიები თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ისმის კითხვა, ვინ ელაპარაკება დასავლელ პარტნიორებს პარლამენტიდან, რადგან პარლამენტის საგარეო მიმართულების კომიტეტების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მმართველი პარტიის საგარეო მდივანი თანამდებობიდან წავიდნენ.
„სიტუაცია რთულია და გამოსავალი უნდა ვნახოთ“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, მართალია, ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ, გვერდიგვერდ დადგნენ, მაგრამ ეს არ არის ჩიხური მდგომარეობა, როგორც წარმოაჩენენ.
„მგონია, რომ გამოსავალი ალბათ, ისევ დასავლელი პარტნიორების საჯარო ან კულუარული მედიაციით მოხდება. როგორც ხელისუფლება, ასევე დასავლელები დააკვირდებიან, როგორია ამ საპროტესტო აქციების დინამიკა და განგრძობადობა. მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გამოვალთ ამ კრიზისული პოლიტიკური ხანძრიდან, რომელიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში საკმაოდ ხშირი გახდა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.