ღონისძიების „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ მონაწილეებს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზმარი დიკარლომ მიმართა

11:25, 22.09.2022

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როზმარი დიკარლომ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნების ძალისხმევის წინა ხაზზე.

„ჩემთვის დიდი პატივია, შემოგიერთდეთ მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მსურს, მივულოცო სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას. თქვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნების ძალისხმევის წინა ხაზზე. თქვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით, თქვენ ხელს უწყობთ ახალგაზრდობის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებას. ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები საკუთარი არსებითი წვლილის შესატანად კვლავ მწირი რჩება. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ახალგაზრდების ადგილის უზრუნველყოფის მიზნით. სირთულეების მიუხედავად, უკანასკნელ წლებში ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო მომავალს. კლიმატური ცვლილებებით დაწყებული და ძალადობრივი კონფლიქტის გავრცელებით, ასევე სიღარიბესთან, უთანასწორობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლით დამთავრებული ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდების მონაწილეობა, რათა მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ და უკეთესი, უფრო მშვიდობიანი მსოფლიო ავაშენოთ. დღეს და ყოველდღე, უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდების, როგორც მშვიდობის ძლიერი მხარდამჭერებისა და ცვლილების აქტიური აგენტების როლი. მადლობას გიხდით და ბედნიერ მშვიდობის საერთაშორისო დღეს გისურვებთ“, – აღნიშნა როზმარი დიკარლომ.

მსგავსი