ღაზას სექტორის საზღვართან შეტაკებების გამო თურქეთმა აშშ-დან და ისრაელიდან ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია
ღაზას სექტორის საზღვართან შეტაკებების გამო თურქეთმა აშშ-დან და ისრაელიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბიზდაგმა განაცხადა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის ქმედებებს გენოციდის უწოდა და ისრაელის ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია.
„ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან ხდება ეს – ისრაელიდან თუ აშშ-დან. ვგმობ ამ ჰუმანიტარულ დრამას, ამ გენოციდს“, – განაცხადა ერდოღანმა.
14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის დიპლომატიური მისიის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.