ღავთაძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს - სეზონის საუკეთესო ფუტსალელი „სიბირიაკში“ გადავიდა #1TVSPORT 
ღავთაძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს - სეზონის საუკეთესო ფუტსალელი „სიბირიაკში“ გადავიდა #1TVSPORT 

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ, CIU) მონტენეგროში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ ლიდერის გარეშე გაემგზავრა – გუნდი გიორგი ღავთაძემ დატოვა, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამის შესახებ საქართელოს პირველ არხთან კომენტარი კსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა, შოთა ჭანუყვაძემ გააკეთა.

„გიორგი ღავთაძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს, რომელიც ფუტსალის მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდია და უძლიერესი ლიგა აქვს. გიორგი „სიბირიაკში“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის თამაშებამდე ჩვენ დიდი ძალა გამოგვაკლდა, მაგრამ გიორგის წარმატებას ვუსურვებ. მან გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა და ობიექტურად რომ ვთქვათ, პროგრესისთვის ჯობდა კიდეც, რომ წასულიყო. ის უფრო გაიზრდება და საქართველოს ნაკრებს უფრო გამოადგება“, – ამბობს კსუ-ს მთავარი მწვრთნელი შოთა ჭანუყვაძე.

20 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში კსუ-სთან ერთად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი. 25 მატჩში გიორგიმ 26 გოლი გაიტანა და 15 პასი გააკეთა, მათ შორის 8 გოლი პლეი-ოფის 6 თამაშში და 2 გოლი -პენალტების სერიაში. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში უკვე სამი ოფიციალური თამაში ჩაატარა. გიორგი ღავთაძე „სიბირიაკში“ 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გიორგი 16 აგვისტოს ახალ გუნდთან ერთად გაემგზავრა ათდღიან შეკრებაზე ბერდსკში (ნოვოსიბირსკის რეგიონი), სადაც სეზონისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ, CIU) დღეს მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც 2021-2022 წლების უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საწყისი ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება. გუნდი E ჯგუფის პირველ შეხვედრას, 21 აგვისტოს მონტენეგროს „ტიტოგრადთან“ გამართავს, 22 აგვისტოს სერბულ „ფონს“ დაუპირისპირდება, ხოლო დასკვნით შეხვედრას ირლანდიურ „ბლუ მაჯიქ დუბლინთან“ 24 აგვისტოს ჩაატარებს.