გერმანული მედია – გამოძიების ცნობით, მიუნხენში თავდაცვით საწარმოებზე 3 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველო იყო

01:35, 26.09.2026

გერმანიის საგამოძიებო უწყების ვერსიით, მიუნხენში თავდაცვით საწარმოებზე 3 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო იყო. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ცნობისთვის, 3 სექტემბრის ღამეს, მიუნხენში, თავდაცვით სფეროში მომუშავე მსხვილი კომპანიების სათავო ოფისებთან მდებარე სამშენებლო მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლგამჩენი მოწყობილობები ესროლეს. ერთ-ერთი მოწყობილობა სამშენებლო კონტეინერების სიახლოვეს აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა. ისინი ბულგარეთის მოქალაქეობის მქონე 28 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი არიან. გერმანიის გამოძიების ვერსიით, დაკავებულები რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ გადაიბირა.

გერმანული მედია წერს, რომ მიუნხენში ხანძრის გაჩენის მცდელობის პარალელურად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო სლოვაკეთში, სოფელ განისკაში, უკრაინული კომპანიის ქარხანაზე თავდასხმას ამზადებდა. კომპანია უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

აგვისტოს ბოლოს სლოვაკეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ქარხნისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. საქმეზე სამი პირია დაკავებული: ლატვიის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

გერმანიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ევროპაში დივერსიებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანაყოფი აწყობს.

2025 წლის თებერვალში ამ დანაყოფის შექმნის შესახებ ამერიკული მედია წერდა.

დასავლური დაზვერვის შეფასებით, ამ დანაყოფის ამოცანებში შედის მკვლელობებისა და დივერსიების ორგანიზება საზღვარგარეთ, დასავლურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებში შეღწევა, ასევე უცხოელი აგენტების გადაბირება და მომზადება.

მსგავსი