მიუნხენში თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიის სამშენებლო ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს
გერმანიის პოლიცია იძიებს თავდაცვის კომპანიაზე თავდასხმის მცდელობას, მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა მიუნხენში, Rohde & Schwarz-ის შტაბ-ბინის წინ მდებარე მშენებარე ობიექტზე ცეცხლგამჩენი მოწყობილობები ისროლეს.
შუაღამისას მიუნხენში, ტექნოლოგიური კომპანია Rohde & Schwarz-ის შტაბ-ბინის წინ მდებარე სამშენებლო მოედანზე ავტომობილიდან ცეცხლგამჩენი მოწყობილობები ისროლეს. ერთ-ერთი მათგანი კომპანიის ოფისის წინ სამშენებლო კონტეინერებთან ახლოს აალდა.
ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ საპატრულო პოლიცია და სახანძრო ბრიგადები, ცეცხლი მალევე ჩააქრეს. მედიის ცნობით, არავინ დაშავებულა, ცეცხლს კომპანიის შენობამდე არ მიუღწევია.
ადგილზე მაშველებმა კიდევ ერთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც არ აფეთქდა. ის ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისის სპეციალისტებმა გაანეიტრალეს.
ჩხრეკის დროს პოლიციამ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა: ბულგარეთის მოქალაქეები – 28 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი. ინციდენტთან მათი კავშირი ჯერ არ არის დადგენილი. ასევე არ არსებობს ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ.
Rohde & Schwarz-ის ტექნოლოგიური ჯგუფი აქტიურად მუშაობს სამთავრობო უწყებებისა და სამხედროებისთვის უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროებში. აღსანიშნავია, რომ მარტში კომპანიამ უკრაინულ დრონების მწარმოებელ Pegasus Arms-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ისინი უახლესი სადაზვერვო სისტემების შესამუშავებლად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.