გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინი მზადაა, განათავსოს ჯარები ლიეტუვაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატო-ს თავდაცვის გეგმასთან კოორდინირებულად
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინი მზადაა, განათავსოს ჯარები ლიეტუვაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატო-ს თავდაცვის გეგმასთან კოორდინირებულად

გერმანია მზადაა ჯარების ლიეტუვაში მუდმივად განთავსებისთვის, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსის განმარტებით, ბერლინი მზად არის, 4 000-კაციანი არმიის ბრიგადა მუდმივად განათავსოს ლიეტუვაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატო-ს თავდაცვის გეგმასთან კოორდინირებულად.

„გერმანია ინარჩუნებს თავის ვალდებულებას, როგორც ნატო-ს წევრის, როგორც ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, იბრძოლოს აღმოსავლეთის ფლანგის დასაცავად“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა ვილნიუსში ვიზიტის დროს. ბორის პისტორიუსს ვადებზე არ უსაუბრია.

ამასთან ერთად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის წინაპირობა უნდა იყოს საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბრიგადა ეტაპობრივად გაიზრდება ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისთანავე“, – განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ ასეთი განლაგება რამდენიმე თვეში ვერ დასრულდება.

ამავდროულად, პისტორიუსმა განაცხადა, რომ განლაგება უნდა შეესაბამებოდეს ნატო-ს რეგიონულ გეგმებს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორ უპასუხებს ის რუსეთის თავდასხმას.

როგორც მედია წერს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა გერმანიის განცხადებას, მაგრამ უარყო მოწოდებები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების დაუყოვნებლივ გაძლიერების შესახებ, რუსეთში ამბოხების საპასუხოდ.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ „ბელარუსის მხრიდან ევგენი პრიგოჟინის მიღების შემთხვევაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება“.