გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი „ძალიან პროფესიონალურად“ იმართებოდა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი „ძალიან პროფესიონალურად“ იმართებოდა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძალიან სერიოზულ ინციდენტთან. ჩემი შეფასებით, საქმე გვაქვს ჰიბრიდულ საფრთხის სცენართან“, – განაცხადა დობრინდტმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველა სპეკულაცია ასაფეთქებელ მოწყობილობასთან, დრონის კონსტრუქციასა და წარმომავლობასთან, ასევე იმასთან დაკავშირებით, ვინ დგას ამის უკან, გამოძიების ნაწილია და სწორედ გამოძიებამ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს.
როგორც დობრინდტმა აღნიშნა, მომხდარი დილეტანტების ნამოქმედარი არ არის. მისი შეფასებით, საქმე ითხოვს ძალიან პროფესიულ მომზადებასა და შესრულებას, მაღალი დონის ტექნიკურ გამოცდილებას და ასაფეთქებელ მასალებთან მუშაობის გამოცდილებას.
„საუბარია პროფესიულ, ჰიბრიდულ საფრთხის სცენარზე, რომელსაც კვლავ უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ალექსანდერ დობრინდტის თქმით, საქმე ეხება დაპირისპირებას, რომელშიც შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ ჩართული .
მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს გერმანიაში მნიშვნელოვანი გაურკვევლობის შექმნას არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სხვა ლოკაციებზეც.