ერთა ლიგაზე სექტემბერში ჩასატარებელი მატჩების წინ გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ახალ კაპიტნად იოზუა კიმიხი დაასახელა.
„გუნდის ახალი კაპიტანი იოზუა კიმიხი იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტნები – ანტონიო რუდიგერი და კაი ჰავერცი. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთეთ, ეს ფეხბურთელები თავიანთი ახალი როლების მორგებას მოუთმენლად ელიან“, – განაცხადა ნაგელსმანმა სანაკრებო მატჩების წინ გამართულ პრესკონფრენციაზე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის პირველი მეკარე სექტემბრიდან „ბარსელონას“ კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება.
გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ილქაი გიუნდოგანი გახლდათ, რომელმაც ევრო 2024-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. „ბუნდესნაკრებიდან“ ასევე წავიდნენ ლეგენდარული მეკარე მანუელ ნოიერი და ტომას მიულერი.
რაც შეეხება კიმიხს, „ბაიერნის“ 29 წლის ფეხბურთელს გერმანიის ნაკრების რიგებში 91 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი 2016 წელს სლოვაკეთთან შეხვედრაში შედგა.