გერმანიის მთავარი ინფექციონისტი - გერმანიაში შემოდგომაზე კორონავირუსის მეოთხე მასშტაბური ტალღაა მოსალოდენლი
გერმანიის მთავარი ინფექციონისტი - გერმანიაში შემოდგომაზე კორონავირუსის მეოთხე მასშტაბური ტალღაა მოსალოდენლი

გერმანიაში, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლოთარ ვილერი აცხადებს, რომ გერმანია მკვეთრად თუ არ გაზრდის ვაქცინაციის ტემპს, მაშინ შემოდგომაზე შესაძლოა, კორონავირუსის მეოთხე, მასშტაბური ტალღა დაიწყოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„უკვე დღეს „კოვიდ-19“-იანი პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, დღითიდღე იზრდება. ბოლო ორ კვირაში მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა. როგორც ვვარაუდობდით, ახლა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა შორის უფრო მეტი ახალგაზრდაა. საავადმყოფოში მოთავსებულთა შორის უმრავლესობის ასაკი 35-დან 59-მდე მერყეობს. ეს იმის ბრალია, რომ ამ ახალგაზრდების უმეტესობა არაა ვაქცინიცირბული“, – აცხადებს გერმანიის მთავარი ინფექციონისტი.

მისივე თქმით, აუცრელი ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის რისკი 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აცრილების. ამასთან, ლოთარ ვილერი ვარაუდობს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია გერმანიაში მომავალ წლამდე არ დაიწყება.

„რადგან ჯერ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენი, ყველასი ვალდებულებაა, დავიცვათ ბავშვები. ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელი ვაქცინაცია, რათა ვირუსი აღარ გავრცელდეს. მეორე კი, არის სკოლებსა და ბაღებში ინფექციის პრევენციის ძირითადი წესების დაცვა“, – განაცხადა ლოთარ ვილერმა.