გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსი არის გერმანიაში, ევროპაში, რომელიც გავრცელდება საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაშიც
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ საზღვრების ჩაკეტვა კორონავირუსის გავრცელებას არ შეაჩერებს. მინისტრის განცხადებას სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამ განცხადებით იტალიიდან მოქალაქეების გერმანიაში შეშვების შეზღუდვის მოწოდებებს გამოეხმაურა.
იენს შპანის თქმით, გერმანიის ხელისუფლების ამჟამინდელი მიდგომა მიმართულია კორონავირუსის გავრცელების შენელებისკენ, რათა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა შემცირდეს.
„ვირუსი არის გერმანიაში, ევროპაში. ეს არის ის, რასაც უნდა შევეგუოთ. ის მაინც გავრცელდება, საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაშიც კი. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ხალხის გაშვება ან შემოშვება და შემდეგ ის კვლავ დაიწყებს გავრცელებას“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
იენს შპანის თქმით, გერმანიის ჯანდაცვის სისტემის განვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები კორონავირუსის ახალი ტიპის სიკვდილიანობის დონეს ქვეყანაში 0.1-დან 0,7 პროცენტამდე აფასებენ. აღსანიშნავია, რომ გერმანია ევროპაში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე ინტენსიური თერაპიის ადგილების მიხედვით, თუმცა ვირუსის სწრაფად გავრცელების შემთხვევაში, საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის ეს განყოფილებები შესაძლოა გადაივსოს. მინისტრის თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა გაუქმდეს მასობრივი ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად საფეხბურთო მატჩები. მან ასევე მოსახლეობას მოუწოდა, დროებით თავი შეიკავონ კონცერტებზე, კინოთეატრებში სიარულისგან, ასევე მშობლებსა და მოხუცებთან ახლო კონტაქტისგან, რადგან ასაკოვანი ადამიანები ყველაზე მოწყვლადები არიან.