გერმანიაში ერითრეის კულტურის ფესტივალზე არეულობა მოხდა, დაჭრილია 26 პოლიციელი
გერმანიაში ერითრეის კულტურის ფესტივალზე არეულობა მოხდა, დაჭრილია 26 პოლიციელი

გერმანიაში ერითრეის კულტურის ფესტივალზე არეულობა მოხდა, დაჭრილია 26 პოლიციელი. ინციდენტი ქალაქ გისენში მოხდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ფესტივალზე მომხდარი შეტაკებების მონაწილე 100 პირი დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია ფიზიკური ზიანის მიყენებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით.

პოლიციაში განმარტავენ, რომ ერითრეის კულტურის ფესტივალის გამართვის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 250 ადამიანი შეიკრიბა. აქციის შემდეგ მათ გზა გადაკეტეს. არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს აქტივისტებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს პოლიციას. ზოგიერთმა მათგანმა დამცავი ჯებირები გაარღვია.

ერითრეის კულტურის ფესტივალი გისენში 2011 წლიდან იმართება. არეულობა ამ ფესტივალზე შარშანაც მოხდა. ფესტივალის მოწინააღმდეგეები არიან ერითრეის მოქალაქეები, რომლებმაც სამშობლო დატოვეს და ქვეყნის ხელისუფლებას ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ფესტივალს გერმანიაში ერითრეის მთავრობასთან დაახლოებული ორგანიზაცია მართავს და ის პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენს.