გერმანია „დიდი შვიდიანის“ პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, პრეზიდენტობის დროს ბერლინი გეგმავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ასევე რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებზე.
„დიდი შვიდიანის“ ჯანდაცვის მინისტრები გასული წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს და განვითარებადი ქვეყნებისთვის 2022 წლის ბოლომდე 2.3 მილიარდი დოზა ვაქცინის განაწილებაზე შეთანხმდნენ. გერმანია „კოვაქსის“ ალიანსის მეორე ყველაზე დიდი დონორი ქვეყანაა.
გასული წლის დეკემბერში „დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, არა მხოლოდ ევროპის, არამედ განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.
„დიდი შვიდიანის“ ქვეყნები რუსეთს „მასშტაბური შედეგებით“ ემუქრებიან, თუ მოსკოვი უკრაინას თავს დაესხმება. ეს უპირველესად ეხება ეკონომიკურ სანქციებს.
„დიდი შვიდიანის“ ლიდერების სამიტი ბავარიის ალპებში მდებარე ელმაუს ციხე-სიმაგრეში 26-28 ივნისს გაიმართება.