გერმანია - არგენტინა 2:2 (ვიდეო)
გერმანია - არგენტინა 2:2 (ვიდეო)

დორტმუნდში საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალისტები – გერმანია და არგენტინა შეხვდნენ ერთმანეთს. სხვათა შორის,  გერმანიის სასტარტო შემადგენლობაში არ იყო 2014 წლის არცერთი ჩემპიონი.

იოახიმ ლიოვის გუნდი უკვე 22-ე წუთისთვის ანგარიშით 2:0-ს იგებდა. ანგარიში მე-16 წუთზე „ბაიერნის“ ფორვარდმა სერჟ გნაბრიმ გახსნა, ექვსი წუთის შემდეგ კი კაი ჰავერცმა გნაბრის გადაცემით გაზარდა უპირატესობა.

არგენტინამ თამაში შეცვლაზე შესული ფეხურთელების დახმარებით გაათანაბრა – 66-ე წუთზე ლუკას ალარიომ ერთი ბურთი გაქვითა, 85-ე წუთზე მისივე გადაცემით ლუკას ოკამპოსმა გოლი გაიტანა და შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

გერმანია: ტერ შტეგენი, კლოსტერმანი, კოხი, ზიულე, ჰალშტენბერგი, გნაბრი (სერდარი, 71), კიმიხი, ემრე ჯანი, ჰავერცი (რუდი, 83), ბრანდტი (ამირი, 66), ვალდშმიდტი.

არგენტინა: მარჩესინი, ფოიტი, ოტამენდი, როხო (აკუნია, 46), ტალიაფიკო, პერეირა (სარავია, 76), პარედესი, კორეა (ოკამპოსი, 46), დე პაული (როდრიგესი, 90+3), მარტინესი, დიბალა (ალარიო, 62).