გენერალ ქუთათელაძის შვილი - გიორგი ჭანტურია იყო პირველი, ვინც მომისამძიმრა და მაშინვე გავიფიქრე, ის ხომ არ იყო მკვლელი
გენერალ ქუთათელაძის შვილი - გიორგი ჭანტურია იყო პირველი, ვინც მომისამძიმრა და მაშინვე გავიფიქრე, ის ხომ არ იყო მკვლელი

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის შვილმა ჩვენება მისცა.

ბესიკ ქუთათელაძის თქმით, მამამისს ყველგან დაჰყვებოდა და მისივე განმარტებით, საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას გარდა, სამსონ ქუთათელაძეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია.

„პირველი, ვინც ადგილზე მომისამძიმრა და მამაჩემის ღვაწლზე დაიწყო საუბარი, გიორგი ჭანტურია იყო. ვერავინ მეკარებოდა, ჩემი მეგობრებიც კი. მაშინვე გავიფიქრე, გიორგი ხომ არ იყო მკვლელი“, – განაცხადა სამსონ ქუთათელაძის შვილმა.

მისივე თქმით, მან ნახა ვიდეოკამერების ჩანაწერები და განაცხადა, რომ დილით გიორგი ჭანტურიას სხვა ტანისამოსი ეცვა, მამამისის გარდაცვალების შემდეგ კი – სხვა.

ამასთან, როგორც ბესიკ ქუთათელაძემ განმარტა, ერთ დღეს დახლებთან არ იყო მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა და სამსონ ქუთათელაძემ გიორგი ჭანტურიას დახლების მოწესრიგება დაავალა, რამაც ჭანტურიას გაღიზიანება გამოიწვია.

ბესიკ ქუთათელაძე ასევე იხსენებს, როგორ მოუყვა მამამისმა, რომ მასთან გიორგი ჭანტურია მივიდა და ეუბნებოდა, ლუკმას მართმევო. ბესიკ ქუთათელაძის ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძე ჭანტურიას კუთვნილი ფართის ყიდვას 300 ათას ლარად აპირებდა, რისთვისაც ბანკში საბუთები მზად იყო. მისი თქმით, მამამისი იხდიდა გაცილებით მეტს, რომ ჭანტურია ბაზარში აღარ ენახა.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.