გენერალ ქუთათელაძის მეუღლე - გიორგი ჭანტურია ჩემს ქმარს ფულს სთხოვდა
გენერალ ქუთათელაძის მეუღლე - გიორგი ჭანტურია ჩემს ქმარს ფულს სთხოვდა

გიორგი ჭანტურია ჩემს ქმარს ფულს სთხოვდა, – ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე მეგი სირბილაძემ დაკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ჭანტურიას სურდა, სამსონ ქუთათელაძისთვის მიწის ნაკვეთი მიეყიდა, რისთვისაც ქუთათელაძე კრედიტის გამოტანას აპირებდა.

„ჩემმა ქმარმა მითხრა, კრედიტი უნდა ავიღოო. რა კრედიტი, რად გინდა ამდენი კრედიტი-მეთქი ვუთხარი და მიპასუხა, მირჩევნია, ჭანტურიასგან ვიყიდო წილი, თვითონ შემომთავაზაო. მოსიარულე შარიაო, წავა და დავისვენებო.

ჭანტურია რომ ამბობს, მიზეზი არ მქონდაო, მას ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, ჩემი ქმარი მოეკლა. ფულს სთხოვდა, რადგან თავისი ფინანსური პრობლემების გამო სჭირდებოდა ეს ფული. გადაწყვიტა, რომ სოსოსთვის მიეყიდა მიწა. მერე გაუბრაზდა, ჩემი დის წილიც იყიდეო. მოთხოვნებს უყენებდა. ეს პრობლემები მოგვარებული არ იყო, ცივი ომი მიდიოდა მათ შორის. არის მოთამაშე და ნარკომანი. სოსო კერკეტი კაკალი იყო. ჭანტურიას მიზანი იყო სოსო მოეშორებინა, რომ მისი შვილისკენ გადაედგა ნაბიჯი, რათა მისთვის წაერთმია, სოსოსთვის რისი წართმევაც ვერ მოახერხა“, – განაცხადა მეგი სირბილაძემ.

როგორც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლემ სასამართლოში განაცხადა, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მეუღლემ უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიაზე იყო გაბრაზებული.

„ჩემმა მეუღლემ საბუთები მომცა და მითხრა, რამე რომ მომივიდეს, შენ გქონდესო. მოგვიანებით ვნახე, რომ წილის ნასყიდობის დოკუმენტი იყო. იმ წუთში გამიელვა აზრმა, დეკემბრის შუა რიცხვებში ჰქონდა ჩემს ქმარს ნათქვამი, ჭანტურიაზე ვარ გაბრაზებულიო.

იმ საღამოს ჩემს შვილს დავურეკე, მამაშენმა საბუთები გადმომცა-მეთქი. ჩემი შვილისთვის უთქვამს, შენ არ ჩაერიო, ჭანტურიასთან პრობლემებს მე მოვაგვარებო“, – განაცხადა მეგი სირბილაძემ.

ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი არ იზიარებს მოწმის ჩვენებას. ბექა ბასილაიას მტკიცებით, ჭანტურიას ქუთათელაძის მოკვლის საბაბი არ გააჩნდა.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.