რევაზ არველაძე - დარწმუნებული ვარ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ცვლილებებს მივიღებთ, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო ისეთი, როგორიც ჩვენი
რევაზ არველაძე - დარწმუნებული ვარ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ცვლილებებს მივიღებთ, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო ისეთი, როგორიც ჩვენი

არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ დეპუტატმა, რევაზ არველაძემ განაცხადა.

არველაძე დარწმუნებულია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება.

„შესათანხმებელი არაფერი გვქონია. ვისაც რა პოზიცია ჰქონდა, იმას შეინარჩუნებს. არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული უნდა იყოს. ალბათ, ისინი ამ პოზიციაზე დარჩებიან. დარწმუნებული ვარ, კანონპროექტი მიღებული იქნება. ამის შედეგად ვინმე თავს დაჩაგრულად იგრძნობს და დატოვებს თუ არა უმრავლესობას, ამას ვერ ვიტყვი, თავიანთი გადასაწყვეტია. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ისეთი იყო, როგორც ჩვენი“, – განაცხადა არველაძემ.

ამასთან, არველაძე მიიჩნევს, რომ მცირეა იმ მაჟორიტართა რაოდენობა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე მხარს არ უჭერენ.

„დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით, მაჟორიტარები, რომლებიც არ უჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას, თითებზე დასათვლელია“, – განაცხადა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დღეს უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა. ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავს. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კენჭისყრაზე გუშინ ჩავარდა.