გელა ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას ირაკლი შოთაძე დაიკავებს
გელა ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას ირაკლი შოთაძე დაიკავებს

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას ირაკლი შოთაძე დაიკავებს.

უფლებადამცველის შეფასებით, ირაკლი შოთაძე ღირსეული კანდიდატია.

„სამწუხაროდ, ამ 17 კანდიდატს შორის ზოგი არასერიოზულია, ზოგი კომიკური, ზოგი შეიძლება, ძალიან ღირსეული ადამიანია, მაგრამ დამაჯერებლობა იმისა, რომ ამ პოსტზე მაინცდამაინც ისინი უნდა იყვნენ წარმოდგენილი, არ აქვთ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სავსებით რეალურია და სხვა მოლოდინი არც არავის აქვს, რომ ირაკლი შოთაძე იქნება დასახელებული თავისი წარსული გამოცდილების, თუ კვალიფიკაციის გამო“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ირაკლი შოთაძის პროკურორობისას გახმაურებული საქმეების გამოძიება ობიექტურად და დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა.

უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე ყოფნის დროს სისტემა ადამიანების უფლებათა დაცვაზე იყო ორიენტირებული.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებად 17 პირია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფული მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.