გელა აფრასიძის ინდივიდუალური ლელო „აჟენის“ წინააღმდეგ [ვიდეო]
11:57, 19.10.2020
„ტოპ 14“-ის (TOP 14) მეხუთე ტურის შეხვედრაში „მონპელიემ“ „აჟენს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 42:13 დაამარცხა. ეს მიმდინარე სეზონში კლუბის პირველი გამარჯვებაა.
მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მორაგბემ მიიღო – მიხეილ ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და თამაშის მიწურულს შეცვალეს, ხოლო გელა აფრასიძე კი შეხვედრაში ბოლო წუთებზე ჩაერთო.
მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველმა ცხრა ნომერმა თავის გამოჩენა მოახერხა და მატჩის ბოლო ლელო სწორედ მის ანგარიშზეა. აფრასიძის შედეგიანი იერიში „მონპელიეს“ დომინანტ შერკინებას მოჰყვა, რომლის შემდეგაც გელამ ერთი მეტოქე ხელის კვრით მოიცილა და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა.
„მონპელიემ“ „ტოპ 14“-ის მიმდინარე სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი მატჩი დათმო და ახლა შვიდი ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.