გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას
გეკა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მინდა, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. ბატონ გეკა გელაძეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.