გედევან ფოფხაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არც ვმალავ
ჩემ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით, არ მომწონს წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, იურიდიული კომიტეტიდან მისი გაწვევის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.
დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ჩემ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ამ საკითხზე. არ მომწონს წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. საერთოდ ვერ ვხდები, რატომ იყო საჭირო საახალწლოდ ეს გარემო შეგვექმნა ხალხისთვის და ერთმანეთისთვის. 28 დეკემბრიდან დავიწყეთ მოსამართლეების თემის განხილვა, შემდეგ დაგვეძაბა ერთმანეთთან ურთიერთობა. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. ეს არ არის ნინია კაკაბაძის თემა, ეს არის პრინციპული თემა. მგონია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვალდებულები ვართ, საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა. საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ის არის, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, არ არის სწორი. მე თქვენ ვერ გეტყვით „ნიჩურტს“ ავიღებ, წავალ, გავარკვევ და მერე გეტყვი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებს ერთი გუნდის შიგნით რომ სხვადასხვა აზრი ჰქონდეს, ეს არავის უნდა გაუკვირდეს და არავინ უნდა მიიჩნიოს არაგუნდურობად.
„ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე დააფიქსირა და მისი პოზიციაა, რომ სადავო საკითხები უნდა განვიხილოთ გუნდის შიგნით და გუნდის გარეთ ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. არ მგონია, რომ ეს იყოს ოქროს წესი და პოლიტიკური პროცესისთვის მისაღები, რადგან ხანდახან ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანამ მიიღოს კარგი მოსამართლეთა კორპუსი.
გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელი ფრაქციის სხდომაზე მიიღეს.