გედევან ფოფხაძე - უკმარისობის გრძნობა მაქვს, გადაწყვეტილება წასვლაზე ცოტა ადრე უნდა მიმეღო
გედევან ფოფხაძე - უკმარისობის გრძნობა მაქვს, გადაწყვეტილება წასვლაზე ცოტა ადრე უნდა მიმეღო

„ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის„ პროცესი მიდის როგორც პერსონალურ დონეზე, ასევე ღირებულებით დონეზე, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„2012 წლის 1 ოქტომბერთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე. „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის„ პროცესი მიდის როგორც პერსონალურ დონეზე, ასევე ღირებულებით დონეზე. ჩვენ ვთქვით, რომ „ნაციონალების“ პროკურორები, მოსამართლეები, ჩინოვნიკები და ბიზნესმენები გვაწყობს. ამას ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „სულ ხომ რეპრესიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“.

ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მეორე ტურის შემდეგ არა თუ უკეთესობაზე არ დავიწყეთ ფიქრი, არამედ კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა დაიწყო. ხალხმა დაინახა, რომ ის ძალიან დიდი ტყუილი იყო. მე არ მინდა ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო. ჩვენ ფიქრი იმაზე დავიწყეთ, „ქართულ ოცნებაში“ როგორ გავაჩუმოთ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განულებულია.

„ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხზე. დღეს სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განულებულია. ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს, გადაწყვეტილება ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო, თუმცა მიმაჩნია, რომ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი იქ ყოფნა მაინც სწორი იყო“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დეპუტატი მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.