გედევან ფოფხაძე - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხელოვნური მიზეზებით არ გადადებულა  
გედევან ფოფხაძე - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხელოვნური მიზეზებით არ გადადებულა  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხელოვნური მიზეზებით არ გადადებულა.

როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, სხდომის გადადებაში რამე განსაკუთრებულის დანახვის წინაპირობა არ არსებობს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებისთვის პრინციპულია, რომ უმრავლესობის სხდომა შედგეს და კონკრეტული შედეგებით დასრულდეს.

„საუბარი იმაზე, რომ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, არ მგონია, სწორი იყოს. უმრავლესობის სხდომა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში უნდა ჩატარდეს და კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – ამბობს ფოფხაძე.

დეპუტატის მოსაზრებით, უმრავლესობის სხდომის ქუთაისში გამართვა შესაძლებელი იყო, თუმცა მთავარია, განსახილველი საკითხები იყოს მომზადებული.

„მთავარია, განსახილველი საკითხები წინასწარ იყოს მომზადებული და საშუალება გვქონდეს, სხდომაზე მეტ-ნაკლებად მზა შეთავაზებებით მივიდეთ. უმრავლესობის საქმიანობის გარკვეულ ფორმატზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, პოზიციების შეჯერებისას უმრავლესობის ყველა წევრის პოზიცია წინასწარ იყოს ცნობილი . შეიძლება, ტექნიკურად სხდომის ჩატარება სხვა ადგილასა და სხვა დროს უფრო კომფორტული იყოს“, – აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობას, ფოფხაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მხარს უჭერს, თუმცა არ იცის, რამდენად სწორი იქნება მისი მონაწილეობა უმრავლესობის სხდომაში.

„უმრავლესობის სხდომაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა რამდენად სწორი იქნება, ვერ გეტყვით. რაც შეეხება პრემიერს, ის პარტიის თავმჯდომარეა და სრული უფლება აქვს, უმრავლესობის სხდომას დაესწროს, პოლიტიკურ აქტიურობაში მონაწილეობა მიიღოს და პოზიციების შეჯერებას ხელი შეუწყოს. სხდომაში მისი მონაწილება აუცილებელია თუ არა, ეს მან უნდა გადაწყვიტოს. უმრავლესობის შიგნით საბოლოო შეთანხმება უნდა შედგეს და ის ფორმატი უნდა გვქონდეს, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი პოზიცია წინასწარ დავაფიქსიროთ და იმის რესურსი უნდა ამოვწუროთ, რომ კოლეგების დარწმუნების შესაძლებლობა გვქონდეს. თუ ეს სივრცე არ იარსებებს, გადაწყვეტილებების მიღება გაჭიანურდება”, – დასძინა ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება, მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება. უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში იყო ჩანიშნული. სხდომის მოწვევის თაობაზე განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.