გედევან ფოფხაძე - „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას აზრთა სხვადასხვაობა ტრაგიკულად არ უნდა წარმოჩინდეს
გედევან ფოფხაძე - „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას აზრთა სხვადასხვაობა ტრაგიკულად არ უნდა წარმოჩინდეს

ამ დროის მონაცემებით, ბანაკებად დაყოფილი არ ვართ და დროშობანას არ ვთამაშობთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დახურვის თაობაზე ვანო ზარდიაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ტრაგიკულად არ უნდა წარმოჩინდეს.

„განსხვავებული აზრებია და ეს განსხვავებული აზრი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იყო და გამოითქვა. თუ განსხვავებული აზრების დაფიქსირების ასეთი პრეცედენტები არ იქნება, არ მგონია, ესეც ძალიან ჯანმრთელი პოზიცია იყოს. იმედი მაქვს, რომ განსხვავებული აზრი მერე ბანაკებად დაყოფაში არ გადაიზრდება“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძეს მიაჩნია, რომ იურიდიული კომიტეტის დახურვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

„მგონია, რომ კანონპროექტის დახურვის სტანდარტი პარლამენტმა არ უნდა დაამკვიდროს. თუ კანონპროექტის განხილვის პროცესში კითხვაა, რომელსაც შეიძლება პასუხი კომიტეტზე ვერ გაეცეს, ამისთვის შეიძლება სხვა ფორმატი გამოინახოს გამოინახოს. კანონპროექტები საჯარო რეჟიმში უნდა იყოს განხილული. ეს მოსახლეობის ინტერესია. ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ნორმატიულ აქტს კანონის სახით ვიღებთ, რომლის შესახებ მიღების პროცესში და მიღების შემდეგაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს. თუ ჩვენ იმ პრევენციას ვამკვიდრებთ, რომ დამტკიცების შემდეგ კანონის შეუსრულებლობა მოსახლეობას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა მოქალაქე იმსახურებს იმ უფლებას, რომ განხილვის ყველა ეტაპი საჯარო იყოს და მას წვდომა ჰქონდეს.

იმედია, რომ ამ საკითხის მიღმა ჩვენს შორის არაფერი განსხვავებული პოზიციები არ იქნება. ის, რომ ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები გამოიკვეთა, მაინც სამუშაო პროცესის ნაწილია და ამის იქით არ წავა. მიმაჩნია, რომ არც საზოგადოება, არც არასამთავრობო სექტორი და მით უმეტეს მასმედია მსგავს დახურვებს არ მოგვიწონებს და არ წაახალისებს. თუ ჩვენ ჩვენ საქმეს თქვენგან მალულად გავაკეთებთ, ეს უფრო მეტ კითხვის ნიშანს და უსაფუძვლო ვარაუდს გააჩენს, ვიდრე იმას, რომ საჯარო პროცესით ყველაფერი ნათელი იყოს და ყველამ ყველაფერი გაიგოს. თუ ამის მიღმა რამე სხვა კითხვა იარსებებს და დასაზუსტებელი იქნება, რომ ზოგადად დახურული ფორმატი არსებობს, მაგის პრობლემა არ არის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ვანო ზარდიაშვილმა და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვა მოითხოვეს.

კომიტეტის სხდომის დახურვას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დაეთანხმა, რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილამა, გიორგი ხატიძემ da  რატი იონათამიშვილმა სხდომა დატოვეს, თუმცა სხვა კანონპროექტზე მსჯელობისას  სხდომაზე დაბრუნდნენ.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დეფინიციები იცვლება და ამ თვალსაზრისით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება.