გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნების“ ინიციატივა თვალებში ნაცრის შეყრაა, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის არავის სჯის
გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნების“ ინიციატივა თვალებში ნაცრის შეყრაა, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის არავის სჯის

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი თვალებში ნაცრის შეყრაა, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის არავის სჯის, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო დარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ დარღვევების გამო საკუთარი გუნდიდან არავინ დაუსჯია, სანქციების გამკაცრებას აზრი არ აქვს.

„საარჩევნო ცვლილებები არის თვალებში ნაცრის შეყრა. ვხედავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის ხელისუფლება არავის არ სჯის. ბოლო წლების განმავლობაში, სუს-ი აქტიურად არის ჩარეული პოლიტიკურ პროცესში და ამის სანაცვლოდ, ჯერ არავინ გვინახავს, რომ კანონით პასუხი ეგო. მაშინ, ძველი კანონითა და ძველი სტანდარტებით მოეთხოვათ პასუხი ვახტან გომელაურისა და იმ სხვა მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერევიან. მაშინ, კანონმდებლობის ცვლილებას აზრი ექნებოდა. სასჯელის დამძიმება მაშინ, როცა საკუთარი გუნდიდან არასდროს არავინ დაგისჯია, თუნდაც, როცა ია კერზაია დაიღუპა, ელემენტარულად, განათლების მუშაკსაც კი არ მისცეს საყვედური. ხომ ვიცით, რა დონის ტერორი მიდის წინასაარჩევნოდ და ვიცით, რა რესურსი მზადდება, რომ ხელისუფლების მხრიდან განხორციელდეს ზეწოლა. რა ძნელია თანამოაზრეებისა და კანდიდატების პოვნა რეგიონებში, რადგან მოსახლეობა არის დაშინებული და ამისთვის პასუხი არავის უგია. კანონპროექტის განხილვას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ტრიბუნა ავიღოთ და ის ვთქვათ, რაც სათქმელია ხელისუფლებასთან მიმართებით წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად იქცევა.

„ქართული ოცნებაც“ ცდილობს, ძალისმიერი მეთოდებით, ტერორითა და მოსყიდვით დაიცვას თავისი ხელისუფლება და ქართველ ხალხს არ მისცეს საშუალება, დაიბრუნოს საქართველო. ეს კანონპროექტი ერთადერთი იმ სიკეთის მატარებელია, რომ გამოვიყენოთ ტრიბუნა, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი, ზურგი აქცია და დღეს ებღაუჭება ძალაუფლებას“, – განაცხადა ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

დატოვე კომენტარი