გედევან ფოფხაძე - მივესალმები, რომ გიგი უგულავამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს მორალური მომენტი მოუხსნა
გედევან ფოფხაძე - მივესალმები, რომ გიგი უგულავამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს მორალური მომენტი მოუხსნა

მივესალმები, რომ უგულავამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს ეს მორალური მომენტი მოუხსნა. ჩვენ არ მოვიაზრებით მის პოლიტიკურ პარტნიორთა წრეში, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი იყო, ამ პირობის დამოუკიდებლად, აქცენტი არჩევნებზე გაგვემახვილებინა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძის შეფასებით, სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორია, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა, ბოლომდე გასაზიარებელი არა, თუმცა გარკვეულ მოცემულობაში ოპტიმალური იყოს.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნების მიმართულებით, პოლიტიკურ სპექტრს გაუმჯობესების რა შანსიც ექნება, ამ გაუმჯობესებაზე უარი არ უნდა თქვას.

„ზოგადად, მივესალმები, რომ უგულავამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს ეს მორალური მომენტი მოუხსნა. ჩვენ მის პოლიტიკურ პარტნიორთა წრეში ნამდვილად არ მოვიაზრებით, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამ შემთხვევაში სწორი იყო, აქცენტი გაგვემახვილებინა არჩევნებზე ამ პირობის დამოუკიდებლად, რადგან სხვა შემთხვევაში, თუ იქნებოდა სპეკულაციები ამ მიმართულებით, ან სპეკულაციებიც რომ გამოვრიცხოთ, იდეაში ხელისუფლება კეთილსინდისიერად არ იქცევა თავის ოპონენტებთან მიმართებაში. ეს იგრძნობა, ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის. ამ საკითხზე არ მინდა ჩაღრმავება, მაგრამ ხელისუფლება თვითშენარჩუნების რეჟიმზეა გადასული, ამიტომ ყველა მიმართულებით უშვებს შეცდომებს. თუ ჩვენ ამ ვითარებაში არ გავითვალისწინებთ იმას, რომ არ შეიძლება კედელთან მიყენება არცერთი ხელისუფლების, რომელიც თვითშენარჩუნების რეჟიმშია, რადგან ამან შესაძლოა მისი მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯები გამოიწვიოს. ამ ბანალურ მოცემულობას თუ არ გავუწევთ ანგარიშს, უბრალოდ შეიძლება პროცესს ხელი შეეშალოს და ცუდი შედეგები დადგეს. ამიტომ სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ბოლომდე ჩვენთვის მისაღები, გასაზიარებელი და სწორი არ იყოს, მაგრამ გარკვეულ მოცემულობაში ოპტიმალური გამოდგეს. აქ ხომ მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე არ არის საუბარი – საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებაში ხალხის ნება უფრო იყოს ასახული, ვიდრე ასახულია დღეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა პროპორციული არჩევნების მიმართულებით, პოლიტიკურ სპექტრს რა გაუმჯობესების შანსიც ექნება, ამ გაუმჯობესებაზე უარი ნამდვილად არ უნდა ითქვას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.