გედევან ფოფხაძე - მიმაჩნია, რომ ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე
გედევან ფოფხაძე - მიმაჩნია, რომ ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ საკითხზე სასაუბროდ არ მოდის კომიტეტის სხდომაზე, ის პირდაპირ აყენებს თავის თავს დამნაშავის როლში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ივანე მაჭავარიანის პასუხისმგებლობაა მოპარული 100 მილიონი დღგ, ტელევიზიებისთვის შეღავათიანი გადასახადების დაწესება, აზარტულ ბიზნესში უზარმაზარი ხვრელები, კრიმინალური და რაღაცა მაფიოზური სქემები.

„ეს ყველაფერი არის იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ კითხვებზე და ამ საკითხებზე საპასუხოდ კომიტეტზე არ მოდის. არ შეიძლება კომიტეტის მოსმენისა და „მინისტრის საათის“ გაიგივება, მაშინ გავაუქმოთ კომიტეტები, რა საჭიროა საპარლამენტო კომიტეტები, თუ თანამდებობის პირები, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტთან, კომიტეტზე არ მოვლენ. მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ მაჭავარიანის ბრალეულობაა 100 მილიონი დღგ-ს მოპარვა თუ გაქრობა. მაშინ პირდაპირ ვაყენებ საკითხს, რომ ის კი არ გადადგეს, არამედ წავიდეს ციხეში, ან მოვიდეს და დაასაბუთოს, რომ ასე არ არის. ჩემთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია მასთან მიმართებაში აღარ არსებობს. მიმაჩნია, რომ მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში. ყველა, ვინც მას გადაეფარება, ვინც დაიცავს, ხდება მისი თანამონაწილე. მთავრობა, რომლის ცხვირწინაც ქრება ფული, არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მინისტრი, რომლის თვალწინაც ასეთი რაღაცები ხდება და მას არ სურს ამაზე პარლამენტის ფორმატში ისაუბროს, უნდა წავიდეს ციხეში, ამაში ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნა, მას ჰქონდა მინისტრთან კომუნიკაცია, მაგრამ ივანე მაჭავარიანი ვერ დაარწმუნა საკომიტეტო მოსმენას დასწრებოდა. „მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა, მოვიდეს სესიაზე და იქ ახსნას ყველა საკითხი, თუ დარჩება კითხვები, თანახმაა, რომ კომიტეტზეც მოვიდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.