გედევან ფოფხაძე - ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტურაში მონაწილეობდა, თუ კორუფციულ გარიგებაში
გედევან ფოფხაძე - ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტურაში მონაწილეობდა, თუ კორუფციულ გარიგებაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი და თავად უნდა ჩამოყალიბდეს, რა პროცესის მონაწილეა.

ჟურნალისტებთან საუბარში გედევან ფოფხაძე ლევან ყიფიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს რაღაც დონეზე სამართლებრივი ფორმა უნდა მიეცეს და ეს ყველაფერი ჭორაობის დონეზე არ უნდა ხდებოდეს.

„ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა უნდა მიიღოს, რომ გავიგოთ, დანაშაულს ვინ ჩადიოდა, დამნაშავე ვინ არის და რეალურად, საქმე რასთან გვაქვს. არსებული ინფორმაციები ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირად შთაბეჭდილებაზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას, კორუფციულ გარიგებაში თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში. უნდა ჩამოყალიბდეს და თავისთვის გადაწყვიტოს. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის, ფაქტობრივი გარემოებები და ის მაინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

დეპუტატი „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებით ამ ყველაფერს გამოვრიცხავ, რადგან არალოგიკურია, ადამიანი ჯერ ვიღაცისთვის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობდეს და შემდეგ მის დაშანტაჟებასა და ფინანსური გამორჩენის მცდელობას იწყებდეს. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება კორუფცია იყოს, ამის გამორიცხვის უფლება იმიტომ არ გვაქვს, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულია და საფრთხე ყოველთვის შეიძლება იყოს, ვინმემ პირადი ანგარებისთვის თავისი თანამდებობის გამოყენება მოინდომოს. უდანაშაულობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს და იმუნიტეტი არავის უნდა ჰქონდეს, რომ დაცულია. ფარცხალაძეს რაიმეს მე ვუქმნი? რაც საჯარო ინფორმაციაა, ჯერ დაუდასტურებელი მტკიცებულებაა და გამოძიებამ ყველა ის მოქმედება უნდა განახორციელოს, რაც მას კითხვებზე პასუხებს მისცემს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. რაც შეეხება ბანკს, ყიფიანმა განაცხადა: „მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯთ“-ის, თუ „ბე-ემ-ვეს“ ოფისში, სად წავიდა ეს ფული, ჩემთვის უცნობია“.