გედევან ფოფხაძე - ეკა ბესელია დღეს ფრაქციის სხდომას არ ესწრებოდა, შესაბამისად, მასზე საუბარი არ არის სწორი
გედევან ფოფხაძე - ეკა ბესელია დღეს ფრაქციის სხდომას არ ესწრებოდა, შესაბამისად, მასზე საუბარი არ არის სწორი

ეკა ბესელია ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ არ ესწრება შეხვედრას, მასზე საუბარი არ არის სწორი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ფრაქციის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, დაისვა თუ არა სხდომაზე ეკა ბესელიას საკითხი.

ფოფხაძე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ვინ რაზე გაამახვილა ყურადღება შეხვედრაზე, ამაზე თავად უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებას, დეპუტატი  ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების საკითხია, რომელიც სხვა კერძო თემებმა არ უნდა გადაფაროს, მათ შორის საკითხებმა „თუ ვინ იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რა როგორ ჩატარდა პროცედურულად, პიროვნულად ვის უყვარს და ვის არა ეკა ბესელია“.

კითხვაზე, გამოხატა თუ არა ფრაქციის სხდომაზე პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია, გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ სხვის მაგივრად კომენტარების კეთებას არ აპირებს.

„ჩემთვის ის სია მიუღებელი იყო და ეს პოზიცია უცვლელია. ჩემი პოზიცია გუნდთან კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და არგუმენტები ვთქვი. მიმაჩნია, ეს არგუმენტები საკმარისია, რომ ჩემ მიმართ პრეტენზია აღარ იყოს.სხვა მხრივ, დისკუსია საჯარო სივრცეში უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა, რომ ფრაქციამ იურიდიული კომიტეტიდან მისი გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.