გედევან ფოფხაძე - ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ გია ვოლსკის და ცუდი აზრი მის მიმართ არ გვაქვს
უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი პრინციპული არ არის – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
მისი თქმით, მთავარია, რომ შეხვედრა შედგეს და განხილული იყოს საკითხები, რომელიც უმრავლესობის სამომავლო საქმიანობის ორგანიზაციულ ფორმატებს ეხება.
„გარდა ამისა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ უმრავლესობის დეპუტატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისი რესურსი, როგორც პოლიტიკოსებმა, ამოწურონ და მოახდინონ თავისი თავის რეალიზება. ჩვენ იმის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს, რომ თუ განსხვავებული აზრი არსებობს უმრავლესობაში, ეს საჯაროდ გახდეს ცნობილი და ამაში არ დავინახოთ უხერხულობა უმრავლესობისთვის, რადგან ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი. თქვენ სვამთ შეკითხვებს, გინდათ პასუხები და ყველას იდენტური პასუხი რატომ უნდა ჰქონდეს ერთსა და იმავე შეკითხვაზე. სასურველად მიმაჩნია, რომ შეხვედრის ჩატარება არ გაჭიანურდეს და დროულად ჩატარდეს, თუმცა დღესაც გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ვმსჯელობთ, რა იქნება სწორი. რაღაც იდეები დეპუტატებს შორის კიდევ იხვეწება საუბრის პროცესში და ჩვენ ჩვენთვის ყველა ვემზადებით, რომ ჩვენი სათქმელი ამ სხდომაზე ვთქვათ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დავით ჭიჭინაძის განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს.
„ძალიან სიმპათიური პერსონაჟია, რომელზეც მან აპელირება გააკეთა და იმედია, გია ვოლსკი ამას ხუმრობით მიიღებს. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ გია ვოლსკის და არაფერი ცუდი აზრი მის მიმართ არ გვაქვს. ამ ნათქვამს მე განვიხილავ, როგორც ხუმრობას და არ მგონია, ბოროტი განზრახვა ყოფილიყო. მე მაგაზე უფრო შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინე ჩემი მისამართით ბოლო დღეებში და ვცდილობ, ამას შევხედო მშვიდად. ჩვენ ერთმანეთს ემოციურად უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა უფრო არსებითი საკითხებიც არის და აქცენტი იმაზე უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გია ვოლსკიმ „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას არაკორექტული უწოდა, რასაც მოგვიანებით ჭიჭინაძე გამოეხმაურა, კიპლინგის მაუგლი გაიხსენა და განაცხადა, რომ ვოლსკი ვეღარ გრძნობს რა არის კორექტული და რა არაკორექტული.