გედევან ფოფხაძე - ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ ვიფიქრო
გედევან ფოფხაძე - ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ ვიფიქრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.

როგორც პირველ არხს ფოფხაძემ განუცხადა, მისთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იმის საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ იფიქროს.

„ჩემთვის მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ პარტიაში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წავიდეს, მაგრამ პარტია უნდა შეიკრიბოს და ორიენტირები სწორად განისაზღვროს. გუნდში ბევრი ადამიანია, რომელთა ობიექტური მართლმსაჯულების იმედი შეიძლება გქონდეს. როცა რაღაც განსხვავებული აზრი იქნება თუ წინააღმდეგობა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი პოზიტიურ როლს ითამაშებს.  თავის დროზე, პროცესებში მისი მონაწილეობა სიტუაციას განმუხტავდა ხოლმე. ეს ადამიანი იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ განსხვავებული პოზიციები შეჯერებულიყო და გუნდის ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებულიყო.

მგონია, რომ მისი ჩართულობა და ავტორიტეტი იმას შეუწყობს ხელს, რომ გუნდის შიგნით პოზიციები ჩამოყალიბდეს. ჩემთვის მისი გადაწყვეტილება იმის საფუძველია, რომ წასვლაზე აღარ ვიფიქრო“, – აცხადებს ფოფხაძე.

დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს თავისი ავტორიტეტით და იმით, რომ ქართველ ხალხთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბრის მთავარი შემოქმედი იყო.

„ღირებულებითი თანხვედრა, მისი წარსული და პიროვნული ფაქტორი გუნდის გაერთიანებისა და დამატებითი მოტივაციის შექმნის საშუალება იქნება. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი 2012 წელს გადამწყვეტი იყო, რადგან ამ ადამიანმა ისტორია შექმნა. ვისაც ამ გუნდთან ღირებულებითი კავშირი გვაქვს, მათთვის მისი პიროვნული ფაქტორი სულ ერთი არ არის. როცა პრემიერი იყო, გუნდის ერთიანობისთვის მისი ფაქტორი ძალიან პოზიტიური იყო, რადგან რთულ საკითხებში პოზიციების შეჯერებას ისე ახდენდა, რომ უკმარისობის განცდა არ გვქონდა, კამათი კი ისე სრულდებოდა, გარეთაც არ გამოგვქონდა“, – დასძინა ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.