გედევან ფოფხაძე - არის განწყობები, მოსამართლეობის ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს
პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ არის განწყობები, უზენაესი მოსამართლეობის ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. ფოფხაძემ თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის.
„სახელობითად, კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ, ვისთანაც კერძო საუბრები გვაქვს. ვიცი, რომ არის განწყობები, ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. არის გამოკვეთილი ოდიოზური კანდიდატები, რომელთა მიმართაც ვიცი, რომ უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი მოახერხებს და მორალურ ტესტს ჩააბარებს, ამ კანდიდატებს ხმას არ მისცემს. თუმცა ჩემი პირადი პოზიცია მაქვს და პროცესში მონაწილეობაც პირადად ჩემთვის მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მაინც კლანის მხრიდან ინსპირირებული იყო. ორიენტირებულია იმაზე, რომ მაინც ვიღაც კლანის ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანები უზენაეს სასამართლოში გააპარონ.
დამოკიდებულების ორი შესაძლო ვარიანტია. ერთი უფრო კონფორმისტული. თუმცა მაინც უფრო კეთილსინდისიერი, რომ ხმა ოდიოზურ კანდიდატებს არ მისცენ. არის მეორე პოზიცია, რომელიც ჩემთვის უფრო მისაღებია. შევთანხმდეთ და ვთქვათ, რომ პროცესის შედეგად პარლამენტს იუსტიციის საბჭომ ცუდი და უარესი კანდიდატები შესთავაზა. პროცესი თუ ჯანსაღი იქნებოდა, მაშინ პარლამენტს ასარჩევი ექნებოდა კარგსა და უკეთესს შორის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, პროცესი დისკრედიტირებულია და არ სურს, პროცესის ნაწილი გახდეს.
„მაგრამ, იმედი მაქვს, კოლეგები ზნეობრივ ტესტს ჩააბარებენ და ოდიოზურ კანდიდატებზე მაქსიმალურად თავს შეიკავებენ. თუმცა კენჭისყრა სახელობითია, ამიტომ, როდესაც კენჭისყრები იქნება, იმის პარალელურად ამოვბეჭდავთ და თქვენთან ერთად სახელობითად გავიაროთ ყველა დეპუტატი, ყველა კანდიდატი, რატომ და როგორ მისცეს ხმა. ამის შემდეგ, ანალიზი უფრო სიღრმისეული იყოს. თუმცა კომიტეტზე ჩატარებული კენჭისყრებიც გარკვეული გზავნილი იქნება. თუ კომიტეტმა ყველა ოდიოზური კანდიდატი მოიწონა, პარლამენტისთვის ერთგვარი კარნახი იქნება იმის, თუ როგორ უნდა მოიქცეს პარლამენტი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.