„გაზპრომი“ უკრაინის „ნაფტოგაზისთვის“ 2,9 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა
რუსული კომპანია „გაზპრომი“ დათანხმდა, სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესაბამისად, უკრაინის „ნაფტოგაზს“ 2,9 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული ენერგოგიგანტის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა დაადასტურა.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ 2017 და 2018 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებით აღიარა, რომ უკრაინულ მხარეს „გაზპრომის“ ორი მილიარდი დოლარი მართებს, თუმცა, ამავე დროს, რუსული კომპანია ვალდებულია, უკრაინას გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ 4,6 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. მიმდინარე წლის ნოემბერში შვედეთის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა, რის შედეგადაც „გაზპრომი“ ვალდებული იყო, უკრაინული მხარისთვის 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.
„გაზპრომმა“ 21 დეკემბერს დაადასტურა, რომ საურავების გათვალისწინებით „ნაფტოგაზს“ 2,9 მილიარდ დოლარს გადაუხდის. თანხის გადარიცხვა 29 დეკემბრამდე მოხდება. აღნიშნულ შეთანხმება ბერლინსა და მინსკში 19 და 20 დეკემბერს გაზის საკითხზე გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად იყო მიღწეული. მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი და ევროკავშირი მონაწილეობენ.
უკრაინული „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ „გაზპრომის“ გადაწყვეტილებას თანხის გადახდის შესახებ სრული გამარჯვება უწოდა.
ამასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც უკრაინის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ალექსეი ორჟელმა განაცხადა, უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტის შესახებ ახალი კონტრაქტი ხუთწლიან ვადაზე იქნება გათვლილი 10 წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.