გატაცების ბრალდებით დაკავებულებიდან კიდევ ორი პირი გაათავისუფლეს
გატაცების ბრალდებით დაკავებულებიდან კიდევ ორი პირი გაათავისუფლეს

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებულებიდან კიდევ ორი პირი გაათავისუფლეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

აქედან ერთს გატაცების გარდა ბრალად ედება​ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულს – ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.

გატაცების ბრალდებით თავდაპირველად ათკაციანი ჯგუფი დააკავეს. აქედან სამს პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა და დღეს დილითვე გაათავისუფლა.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა და ოჯახში უვნებლად დააბრუნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.