გარეტ ბეილმა „რეალ მადრიდის“ მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა
გარეტ ბეილმა „რეალ მადრიდის“ მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა

მადრიდის „რეალის“ უელსელმა ფორვარდმა გარეტ ბეილმა სამეფო კლუბის მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა. 14 ივნისს გამართულ მატჩში, რომელშიც მადრიდელებმა „ეიბარი“ 3-1 დაამარცხეს, ბრიტანელი მოედანზე 61-ე წუთზე როდრიგოს ნაცვლად შევიდა.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მიულოცა და მას სამახსოვროდ 250-ნომრიანი მაისური გადასცა.

ბეილმა „რეალის“ მაისურით ჩატარებულ მატჩებში 105 გოლი გაიტანა და 68 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ აიღო მეტოქის კარი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბეილი მადრიდში „ტოტენჰემიდან“ 2013 წელს გადავიდა და მასში სამეფო კლუბმა 101 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.