გარეტ ბეილის აგენტი – რეალ მადრიდის ფანებს უნდა რცხვენოდეთ
რეალ მადრიდის უელსელი ლეგიონერის, გარეტ ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი აცხადებს, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელს უსამართლოდ ექცევიან.
„ეს აღმაშფოთებელია“, – ამბობს ბარნეტი, – „რეალის გულშემატკივრების ეს თაობა ბეილის გოლებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაიხსენებს. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი საქციელის“.
შაბათის მატჩში, როდესაც რეალმა ბარსელონასთან შინ 0-1 წააგო, ბეილი 61-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა ის მოედნიდან უკმაყოფილო შეძახილებით გააცილეს.
ბეილი რეალში 2013 წელს გადავიდა და ტოტენჰემმა მის სანაცვლოდ 85 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო. მას შენდეგ, მადრიდულმა სამეფო კლუბმა ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ერთხელ – ესპანეთის ჩემპიონატი.
წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში უელსელმა 13 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მისი მომავალი ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანია.
„გარეტი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და გულშემატკივრების ასეთი მოქცევა უბრალოდ სირცხვილია. ყელში ამოვიდა ეს ყალბი ისტორიები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ“, – აცხადებს ჯონათან ბარნეტი.