გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფები ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონას სწავლობენ, რათა აუცილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები ადგილზე გასცენ
27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი.
„დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებითა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული საველე ჯგუფები, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში შექმნილ ვითარებას აფასებენ. სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებში.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.