უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა [ფოტო]

22:14, 27.08.2026

უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამის სამსახურები, ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები.

მათივე ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

როგორც ბაღდათის მერიაში განმარტავენ, ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეიკავონ თავი გადაადგილებისგან“, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.

მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ, დარეკო, ნომერზე: +995 591 909 005.

მსგავსი