გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - „ნამახვანჰესის“ პროექტზე მინიმუმამდეა დაყვანილი უარყოფითი ზემოქმედების რისკები, ამით სპეკულირება არგუმენტს მოკლებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - „ნამახვანჰესის“ პროექტზე მინიმუმამდეა დაყვანილი უარყოფითი ზემოქმედების რისკები, ამით სპეკულირება არგუმენტს მოკლებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს პასუხობს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის გაცემას წინ უძღოდა დეტალური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი მასშტაბური თუ მცირე პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. 2020 წელს, სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემას წინ უძღვოდა დეტალური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით. პროექტის შესწავლის პროცესი იყო ხანგრძლივი. პროცესში ჩართული იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სხვადასხვა დარგის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ექსპერტების შეფასებების და დასკვნების საფუძველზე, პროექტის პირველად ვარიანტში გარკვეული ცვლილებები რამდენმეჯერ შევიდა. თავდაპირველი პროექტი მოიცავდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას. დეტალური კვლევებისა და შეფასებების გათვალისწინებით, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების საკითხებს დაეთმო, პროექტში შევიდა ცვლილება; 2015 წელს შესაბამისი ნებართვები გაცემულია ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. მოგვიანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰესების კასკადის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანის და ოპტიმიზაციის თაობაზე, რასაც წინ უძღვოდა საპროექტო არეალში საველე დაკვირვებების საფუძველზე დამატებით ჩატარებული კვლევები. 2020 წელს სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკები კიდევ უფრო მინიმუმამდეა დაყვანილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სპეკულირება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.

„რაც შეეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა სხვადასხვა დაინტერსებული ორგანიზაციის მიერ, გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, სამინისტრომ გაცემული გადაწყვეტილებით და შესაბამისი პირობების დადგენით ერთგვარად მინიმუმამდე დაიყვანა როგორც სამშენებლო საქმიანობის, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შესაძლო რისკები. შესაბამისად ამ საკითხზე სპეკულირება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.

რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გაიმართა ორი საჯარო განხილვა (სკოპინგისა და გზშ-ის ეტაპებზე), სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვებს ესწრებოდნენ ასევე განცხადების ავტორი ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. სამინისტრომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება ინფორმაციის გავრცელებისთვის, კერძოდ, ინფორმაცია საჯარო განხილვების ჩატარების თარიღის და ადგილის შესახებ განთავსდა პროექტის არეალში მოქცეულ ყველა მუნიციპალიტეტში, საზოგადოების თავშეყრის დამკვიდრებულ ადგილებში, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონოდა, მიეღო ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე მიეწოდა შესაბამის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ასევე დღეს შესაძლებლობა აქვს, დეტალურად გაეცნოს არსებულ კვლევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისოა, როდესაც საქმე ეხება გარემოზე შეუქცევად ზემოქმედებას და რეალურ საფრთხეებს.

„აღნიშნულს ადასტურებს ორი ჰესის მშენებლობაზე სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილება – ერთი ბორჯომში, სადაც ჰესის და მისი სადერივაციო არხის მშენებლობა ეწინააღმდეგებოდა წარმოდგენილ ტერიტორიაზე გავრცელებულ რეჟიმს და არსებობდა იქ არსებულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედების რისკები და მეორე გუდამაყარში, სადაც მდინარე არაგვზე მშენებარე ჰესები ბუნებრივ ლანდშაფტების პირველად სახეს ცვლიდა და დაცულ ტერიტორიებს სტატუსს უკარგავდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება. სხვა შემთხვევაში, დაუსაბუთებელი არგუმენტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგ გამოსვლას და სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებას გამართლება არ აქვს“, – აცხადებენ სამინისტროში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები.

დატოვე კომენტარი